logo
ENG



გედევან ფოფხაძე: საერთაშორისო აფერისტის სტატუსი ამ ხელისუფლებას ნამდვილად ეკუთვნის

20 ნოე 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
ms8y903a1fwkgqr.jpg

ევროპარლამენტარების კრიტიკას „ქართული ოცნების“ მიერ დარღვეული პირობის შესახებ ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. ევროინტეგრაციაზე მომუშავე დეპუტატები ამბობენ, რომ ევროპელი კოლეგების იმედგაცრუება ბუნებრივია და მთავრობას ამის შეცვლა გაუჭირდება. 

„საერთაშორისო აფერისტის სტატუსი ამ ხელისუფლებას ნამდვილად ეკუთვნის. ქვეყნის შიგნით და გარეთ ამათ მიმართ ნდობა და ლოიალურობა არის, არ ვიცი. დაპირებულს შეასრულებენ - ასეთი რამ არ არის, ჩვენ გვყავს აფერისტების მთავრობა“ - ამბობს გედევან ფოფხაძე.

გაუმართლებელს უწოდებს ლევან კობერიძე ინიციატივის ჩავარდნას.

„ეს ვერ გამართლდება საკუთარ მოსახლეობასთან და რა მნიშვნელობა აქვს, ინგლისურად ან გერმანულად რომ გადათარგმნიან, გამართლდება? იქ კიდევ უფრო ვერ გამართლდება,“ - აცხადებს ლევან კობერიძე

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველ პარტიაში მხოლოდ მლიქვნელები დარჩნენ.

„ზალკალიანი ერთ-ერთი ყველაზე ნაცრისფერი მინისტრია. ინგლისური და კომპიუტერი ვინც იცოდა, ჩოხა ვისაც ეცვა, ყველამ დატოვა უმრავლესობა და დარჩნენ მლიქვნელები. ზალკალიანის შეხვედრებს აზრი არ აქვს. კარგია თუ ხვდება, ნახავს განწყობებს,“ - აცხადებს გიგი უგულავა. 

ხელოვნურს უწოდებენ იზოლაციაზე საუბარს მმართველ პარტიაში.

„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით ვკონტაქტობთ უცხოელ პარტნიორებთან. აქ გასაკვირი არაფერი არ არის. რაც შეეხება პოზიციას, არანაირ იზოლაციაზე საუბარი არ არის - ახალი პრობლემების გამოგონება არაა საჭირო,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

„დასავლური არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების არჩევანი. ამ არჩევანს ვერ შეარყევს ვერაფერი. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საუბრის,“ - აცხადებს სოფო კილაძე. 

შეგახსენებთ, რომ პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ პირობის შეუსრულებლობამ სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.


close დახურვა